Sunday, June 13, 2010

დრიმაქრივები, კიბერსიზმრები და WWDW

არსებობს სიზმრების უამრავი თეორია, თუმცა დღემდე არცერთმა მეცნიერმა დანამდვილებით და ზუსტად არ იცის საიდან მოდიან სიზმრები და რისთვის, ანუ რა ბიოლოგიური მექანიზმი ქმნის ამ უფასო ბიო-ჰოლივუდს.

ბევრი მკვლევარის აზრით ცივილიზაციის, ლიტერატურის, თეატრის ფესვები ჩარგულია ჰალუცინაციებში, ხილვებში, რომლებიც იბადებოდნენ უცნაურ სიზმრებში ათასეული წლების უკან.
თითქმის ყველა კულტურაში არსებობდა სიზმრების ინტერპრეტაციის თავისებური სისტემა, სიზმრების ერთმანეთისთვის გაზიარების რიტუალები და თეორიები. მაგრამ თანდათან ეს ხელოვნება გაქრა სოციალური ცხოვრებიდან. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ყველამ დაივიწყა ეს საჩუქარი.
არსებობს უამრავი სიზმრით ინსპირირებული კულტურული თუ მეცნიერული არტეფაქტი.
და ბოლოს მეოცე საუკუნეში საფუძველი ჩაეყარა სიზმრების მეცნიერულ შესწავლასაც.

ინფორმაციულმა ეპოქამ, მაკლაენის ფრაზას თუ ვისესხებთ, შექმნა "გლობალური სოფელი", რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მყოფ ადამიანებს საშუალება მისცა ერთმანეთის პირისპირ შემომსხდარიყვნენ სატელელევიზიო "კოცონის" ირგვლივ როგორც ძველ, ძველ დროებში, შემდეგში ეს სატელევიზიო კოცონი კი - ინტერნეტმა შეცვალა.
ინტერნეტთან ერთად კი შესაძლებელი გახდა სიზმრების გაზიარების პრაქტიკის აღდგენა.

90იან წლებში ეს პრაქტიკა დაიწყო დაინტერესებული პირების მეილ ლისტებით, სადაც ისინი ერთმანეთს უგზავნიდნენ თავიანთ სიზმრებს და განიხილავდნენ.
მსოფლიო ქსელის დახვეწასთან ერთად სხვადასხვა სიზმრისმკველვარმა ორგანიზაციამ თუ ჯგუფებმა შექმნეს მშვენიერი რესურსები ინტერნეტში სადაც ყველაფერთან ერთად შესაძლო გახდა ერთმანეთისთვის აბსოლუტურად უცხო მოქალაქეების სიზმრების დაარქივება.
ანუ ინტერნეტ-ეპოქამდე ესეთი სურვილი თითქმის შეუძლებელი პრობლემა იყო და ითხოვდა წარმოუდგენელ ფიზიკურ დატვირთვას, იმათ მოძიებას ვინც იწერს სიზმრებს სხვადასხვა ქალაქებში, ფსიქოანალიტიკური კერძო სეანსებიდან პირადი ინფორმაციის ამოღებას სიზმრების შესახებ და ა.შ.

ასე რომ ინტერნეტმა ხელი შეუწყო სიზმრული კულტურის გამოცოცხლებას.
ჩვენს ბლოგზე ნელნელა წარმოგიდგენთ ხოლმე საინტერესო რესურსებს სიზმრების თემაზე, სხვადასხვა დროს შექმნილ ონლაინ დრიმარქივებს და ესეებს.

ერთერთი მათგანი ჩვენი ფავორიტია:
სიზმრის კვლევის ინტერნაციონალური ინსტიტუტი



საიტზე შეგიძლიათ იპოვოთ საინტერესო ესეები, ლინკები და ონლაინ ფორმა სიზმრის გასაგზავნად.
ინსტიტუტი ელოდება სიზმრებს მთელი მსოფლიოდან, შესავსები ენა - ინგლისური.
ინსტიტუტი ორიენტირებულია გლობალურ სიზმრებზე და მათ ინტერპრეტირებაზე ფსიქო-სოციო-კულტურული ასპექტებით.

--
მეორე რესურსი რომელიც გვინდა გაგაცნოთ შეეხება
სიზმრის გაზიარების ისტორიას კიბერსივრცეში,
ძალიან საინტერესო და აუცილებლად საკითხავი მასალა.

სიზმრების გაზიარების ისტორია კიბერსივრცეში

----

რა განსხვავებებია სხვა დრიმ არქივებსა და ჩვენს პროექტს შორის?

პირველ რიგში -- ჩვენი პროექტი არ არის მეცნიერული კვლევა და ჩვენ არ ვუდგებით სიზმრებს რომელიმე ერთი კონკრეტული თეორიის მიხედვით.

მეორე - ჩვენი დრიმარქივირება, რასაც ჩვენ ვეძახით სიზმრების რეგისტრაციას არის ორიენტირებული ერთი ქალაქის სივრცეზე დროის გარკვეულ მონაკვეთში, ამდენად ის უფრო მობილური, კონცეტრირებული და მარტივად შედგენადია.

მესამე - არტ-პროექტის ფარგლებში ქალაქებს ჩვენ განვიხილავთ როგორც ცალკეულ პიქსელებს[არსებებს] მსოფლიო ურბანულ მოზაიკაში,
თითოეული მოქალაქის სიზმარი იმდენად ეკუთვნის ამ ქალაქს რამდენადაც ქალაქის სოციო-კულტურული ისტორია, მდგომარეობა, პერსპექტივები და არქიტექტურა მოქმედებს მოქალაქეების ცხოვრებაზე. ამ კუთხიდან ჩვენ ჩვენს პროექტში ვაქსოვთ სიტუაციონისტების ფსიქოგეოგრაფიულ დეკონსტრუქციასაც.

მეოთხე - მიღებული მონაცემების საფუძველზე ჩვენ ვქმნით:

ა] ქალაქის ონლაინ-ღია არქივს[ტექსტუალურს და ვიზუალურს]
ბ] ქალაქის სიზმრების რუკას როგორც არტ-ობიექტს.
გ] ქალაქის სიზმრები "საჩუქრად გადაეცემა" სხვა ქალაქს როგორც არტ-აქცია
დ] ლოკალური არტისტების, მეცნიერების თუ უბრალო მოქალაქეების ჩართვით პროექტის აქტიურობაში ვცდილობთ მივაღწიოთ კოლექტიური პაციფისტური ურთიერთანამშრომლობის რეალურ შედეგს. ამ შედეგისთვის ჩვენ ვიყენებთ ყველაზე უკონტროლო, უტოპიურ ქსოვილს - ჩვნესავე სიზმრებს.

No comments:

Post a Comment