Wednesday, June 16, 2010
სიზმრისმჭამელი თოჯინა
ახალი საჩუქარი WWDW-ს და თბილისის სიზმრების არქივს და გამოფენას -- citiZen დრიმერისგან.
Sunday, June 13, 2010
დრიმაქრივები, კიბერსიზმრები და WWDW
Saturday, June 12, 2010
სიზმრის ჩანახატი #1
თბილისის სიზმრების დაიჯესტი #2. 1-7 ივნისი, 2010
--
2-იდან 5 ივნისის ჩათვლით - ვაზისუბანში საიდუმლო აგენტები იკვლევდნენ პარანორმალურ მოვლენებს, დაფიქსირდა მინის კუბო რკინის კანტებით, რომელშიც ეძინა ადამიანს.
საბურთალოზე - მეორადი ნათურების ბაზრობაზე იხილეს ტაფისთავიანი ზარატუსტრა.
გლდანში ნახეს შიშველი ბავშვები ვიოლინოებით, რომლებიც "ველურებივით დარბოდნენ სახურავზე და მტრედებს, შუბებივით ესროდნენ ხემებს"
დიდ დიღომში მორიგ აპოკალიპტურ აურზაურში გადაარჩინეს გოგო, რომელიც "კრუხივით" იყო შემომჯდარი "ფიტილიან" ბომბზე და ფეხებსშორის ბოლი ასდიოდა,
დრიმერს ესაუბრებოდა მეგობრის პროფაილის ფოტო ფეისბუქიდან,
ვაკეში უსმინეს დაჭრილი კატის მონოლოგს.
6-7 ივნისი --
დიღომში ნახეს ტალახიან მინდორზე დაბანაკებული ვირთხისმჭამელი ხალხი,
ვაკეში საყვარლად ერთობოდნენ ორეკრანიანი დესკტოპით ზღვის პირას სელაპების გარემოცვაში,
საბურთალოზე დაფიქსირდნენ ადამიანები, რომელთაც სახის ნაცვლად "ნახევრადგამჭვირვალე მარმარილოსებრი ტექსტურა" ქონდათ,
უყურებდნენ პოსტაპოკალიპტურ თბილისში როგორ გროვდებოდა მშიერი ხალხი კუს ტბაზე, სადაც "საშინლად უკრავდა" ლადო ბურდული,
ნახეს როგორ ჩაქრა მზე.
თბილისის სიზმრების დაიჯესტი #1. 23-30 მაისი
23-იდან 26ის ჩათვლით -
პლეხანოვზე დაძაბულად უყურებდნენ საფეხბურთო მატჩს,
ნახეს მაღალი კაცი ორმეტრიანი წვერებით, რომელსაც ხელში რუბიკის კუბიკი ეჭირა,
იპოვეს მკვდარი მეეზოვე.
დიღომში მთელი ღამე ეძებდნენ რადიატორის მჭრელ მუშას,
ნახეს გაცოცხლებული სათამაშოები,
ვაკეში გაურბოდნენ ბოთლისცხვირიან მგლებს.
27ში:
ვერაზე მთელი ღამე ეძებდნენ სოსისს, ნახეს სკოლა-ჯიხური და პირამოკერილი ორსული ქალი, საბურთალოზე იყო აპოკალიფსი და წყვილი ჩახუტებული იდგა,
დიღომში ერთერთმა დრიმერმა აიღო საპრეზიდენტოი გრანტი თვით მიშასგან,
ხოლო ვაზისუბანში თამაშობდნენ ფეხბურთს აცტეკებთან უზარმაზარ სტადიონზე რომელის ერთ მხარეს იყო ღამე, მეორე მხარეს კი შუადღის მზე ანათებდა.
28-29ში - საბურთალოზე ნახეს დიდი დელფინი პატარა ტბაში, ხოლო დიღომში დაფიქსირდა აუზი მომწვანო წყლით სადაც მოკვდა გოგო.
და ბოლოს ერთერთმა დრიმერი სიზმარში ცდილობდა ჩვენს საიტზე სიზმრის დარეგისტრირებას <3
WWDW - World Wide Dream Web
რატომ სიზმრები?
ნებისმიერი ადამიანი ხედავს სიზმრებს. უფრო მეტიც ცხოვრების თითქმის მესამედს ყოველი ჩვენგანი სიზმრების სამყაროში ატარებს. წარმოიდგინე ყოველ ღამით რამდენი მილიონი სიზმარი სუნთქავს და დილისკენ უკვალოდ იკარგება.
არსებობს სიზმრების ამხსნელი უამრავი თეორია, თუმცა ყველა მათგანი მხოლოდ თეორიაა.
ჩვენი აზრით, სიზმრების გაზიარება უსამართლოდ დავიწყებული ხელოვნებაა. სიზმრები საჩუქარია, უფასო ფანტასტიური ბიოინტერნეტი უსაზღვრო შესაძლებლობებით, ხოლო მათი უკვალოდ გადაყრა – კულტურული შეცდომა.
რა არის WWDW?
WWDW (World Wide Dream Web) არის ინტერნაციონალური არტ-პროექტი, რომლის საბოლოო მიზანია ლოკალურ სიზმართა რეგისტრაციების გზით - შექმნას მსოფლიოს მიმდინარე სიზმრების ცოცხალი არქივი.
ქალაქები
ქალაქებს ჩვენ განვიხილავთ როგორც ცოცხალ "არსებებს", სპეციფიკურ პიქსელებს მსოფლიო რუქაზე, რომელთა უჯრედებს შეადგენენ გზები და უბნები, ადამიანები და სიზმრები. ჩვენ გვაინტერესებს რა ესიზმრება შენს ქალაქს დღეს ღამით, ჩვენ გვინდა მოვუყვეთ ეს სიზმარი ყველას.
როგორ მუშაობს პროექტი:
1. სიზმრების რეგისტრაცია
WWDW-ს სიზმრის მკვლევართა ჯგუფი გთავაზობთ ონლაინ ფორმას სიზმრების რეგისტრაციისთვის. 23 მაისიდან – 23 ივნისის ჩათვლით ნებისმიერ პიროვნებას მისი ასაკის, სქესის და უბნის მითითების შემდეგ შეუძლია ყოველ დღე გამოაგზავნოს იმ დღეს ნანახი მაქსიმუმ სამი სიზმარი. ჩვენი პროექტის პირველი მიზანია თქვენი სიზმრების შენახვა დრიმ-არქივში. ამჯერად პროექტი დიდწილად ინტერაქტიულია და დამოკიდებულია მოქალაქე მესიზმრეების მინიმალურ აქტივობაზე. ჩვენთვის ყოველი სიზმარი მნიშვნელოვანია, ამასთან საკუთარი სიზმრის რეგისტრაციით ყოველი პიროვნება ა] ინახავს თავის სიზმარს ჩვენს არქივში, ბ] გვეხმარება ქალაქის სიზმრების მოგროვებაში. ერთადერთი თხოვნა რაც გააჩნია პროექტს, არის მარტივი: იყავით გულწრფელები და ბუნებრივები!
2. სიზმრების ანალიზი, რუკა და გამოფენა
მოცემული ვადის შემდეგ საიტი დროებით იხურება, პროექტი აანალიზებს დარეგისტრირებული სიზმრების არქივს და ამ არქივის საფუძველზე კეთდება ქალაქის მიმდინარე სიზმრების რუკა, რომელიც გამოიფინება ქალაქის მიმდინარე სიზმრების გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ რამდენიმე კვირაში.
3. სიზმრების პოტლაჩი
პროექტის შემდეგი ეტაპია მოცემული ქალაქის სიზმრების "წაღება" საჩუქრის სახით შემდეგ ქალაქში, სადაც განმეორდება ანალოგიური აქცია.
ამასთანავე პროექტი ითვალისწინებს დაუგეგმავ ქუჩის აქციებს, სემინარებს და შეხვედრებს.
ამიტომ, მოგვაკითხეთ ხშირად, გეგმები და ინფორმაცია შეიცვლება თქვენივე აქტივობების მიხედვით. იყავით მსუბუქები როგორც წყალი, მოულოდნელები როგორც სიზმარი.
http://urbandreamz.freeiz.com/