Tuesday, September 14, 2010

ლადო ონიანი - ღამის განგაში

Night Alarm ვიდეოსიზმარია.
ძალიან საინტერესო ქართველი მხატვრის და მუსიკოსის - ლადო ონიანის მიერ გაკეთებული:
საკუთარი 'სიზმრის ატმოსფეროს' ეკრანიზაცია.
ოქროს კვალი თბილისის სიზმრების არქივისთვის.





აუცილებლად ესტუმრეთ არტისტის საიტს სხვა ნამუშევრების გასაცნობად:



Wednesday, July 7, 2010

სიახლეები

პროექტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით პროექტი უნდა დახურულიყო 23 ივნისს, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ გაავაგრძელოთ პროექტი სექტემბრის ბოლომდე ან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. ასე რომ ისევ შეგიძლიათ განაგრძოთ სიზმრების მოყოლა მონაცემთა ბაზისთვის.

ამასთან, მალე შემოგთავაზებთ რამდენიმე მართლა სასიამოვნო სიახლეს და ახალ სარეგისტრაციო სერვისს.

თბილისის სიზმრების სტატისტიკაში მოსაყვანად, სიზმრების რუკის შესადგენად და ჩვენი სიზმრების მონაცემთა ბაზის არტ-ვიზუალებად გადაქცევისთვის შეიქმნა სპეციალური 10 კაციანი ჯგუფი. უკვე გაჩნდა ახალი კონკრეტული იდეები და გეგმები, ასე რომ ელოდეთ სიახლეებს და სიურპრიზებს WWDW-ს ადმინისტრაციისგან. :]

ერთადერთი რაც გვაკლია მრავალფეროვან ჯგუფში -- კარგი პროგრამისტი.
თუ პროგრამისტი ხარ
და გაინტერესებს სიზმრები, ადამიანური გონების კოდები, არტ პროექტში ან კვლევაში მონაწილეობა - აუცილებლად დაგვიკავშირდი.

პლუს, ამასობაში ჩვენს პროექტს გამოუჩნდნენ მიმბაძველები. :]]
გვინდა ვთქვათ რომ არანაირი კავშირი არ გვაქვს ამ კონკრეტულ ბლოგთან, თუმცა არ გამოვრიცხავთ მათი სიზმრების დასეივებას ქალაქის სიზმრების მთლიან არქივში, თუ რათქმაუნდა ეს ბლოგი ხუმრობა არაა.


ხშირად მოგვაკითხეთ, სექტემბრამდე შემოგთავაზებთ ახალ ინტერფეისს და საინტერესო იდეებს და პროდუქტებს.
ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დავაბრუნოთ სიზმრები არარსებობიდან და სიზმრული მატერიალით ამოვავსოთ რეალობის ხვრელები.

Wednesday, June 16, 2010

სიზმრისმჭამელი თოჯინა


ახალი საჩუქარი WWDW-ს და თბილისის სიზმრების არქივს და გამოფენას -- citiZen დრიმერისგან.
სიზმრით ინსპირირებული თოჯინა-მონსტრი -- სიზმრისმჭამელი ♥


06/14/2010. Tbilisi.
"xandaxan xolme vidzineb da araferi mesizmreba da su vfikrobdi rogori iyo isvigac vinc sizmrebs mparavda. oda exla movifikre da gavakete"



სიზმრისმჭამელი მონსტრი
Monster DreamEater

Sunday, June 13, 2010

დრიმაქრივები, კიბერსიზმრები და WWDW

არსებობს სიზმრების უამრავი თეორია, თუმცა დღემდე არცერთმა მეცნიერმა დანამდვილებით და ზუსტად არ იცის საიდან მოდიან სიზმრები და რისთვის, ანუ რა ბიოლოგიური მექანიზმი ქმნის ამ უფასო ბიო-ჰოლივუდს.

ბევრი მკვლევარის აზრით ცივილიზაციის, ლიტერატურის, თეატრის ფესვები ჩარგულია ჰალუცინაციებში, ხილვებში, რომლებიც იბადებოდნენ უცნაურ სიზმრებში ათასეული წლების უკან.
თითქმის ყველა კულტურაში არსებობდა სიზმრების ინტერპრეტაციის თავისებური სისტემა, სიზმრების ერთმანეთისთვის გაზიარების რიტუალები და თეორიები. მაგრამ თანდათან ეს ხელოვნება გაქრა სოციალური ცხოვრებიდან. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ყველამ დაივიწყა ეს საჩუქარი.
არსებობს უამრავი სიზმრით ინსპირირებული კულტურული თუ მეცნიერული არტეფაქტი.
და ბოლოს მეოცე საუკუნეში საფუძველი ჩაეყარა სიზმრების მეცნიერულ შესწავლასაც.

ინფორმაციულმა ეპოქამ, მაკლაენის ფრაზას თუ ვისესხებთ, შექმნა "გლობალური სოფელი", რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მყოფ ადამიანებს საშუალება მისცა ერთმანეთის პირისპირ შემომსხდარიყვნენ სატელელევიზიო "კოცონის" ირგვლივ როგორც ძველ, ძველ დროებში, შემდეგში ეს სატელევიზიო კოცონი კი - ინტერნეტმა შეცვალა.
ინტერნეტთან ერთად კი შესაძლებელი გახდა სიზმრების გაზიარების პრაქტიკის აღდგენა.

90იან წლებში ეს პრაქტიკა დაიწყო დაინტერესებული პირების მეილ ლისტებით, სადაც ისინი ერთმანეთს უგზავნიდნენ თავიანთ სიზმრებს და განიხილავდნენ.
მსოფლიო ქსელის დახვეწასთან ერთად სხვადასხვა სიზმრისმკველვარმა ორგანიზაციამ თუ ჯგუფებმა შექმნეს მშვენიერი რესურსები ინტერნეტში სადაც ყველაფერთან ერთად შესაძლო გახდა ერთმანეთისთვის აბსოლუტურად უცხო მოქალაქეების სიზმრების დაარქივება.
ანუ ინტერნეტ-ეპოქამდე ესეთი სურვილი თითქმის შეუძლებელი პრობლემა იყო და ითხოვდა წარმოუდგენელ ფიზიკურ დატვირთვას, იმათ მოძიებას ვინც იწერს სიზმრებს სხვადასხვა ქალაქებში, ფსიქოანალიტიკური კერძო სეანსებიდან პირადი ინფორმაციის ამოღებას სიზმრების შესახებ და ა.შ.

ასე რომ ინტერნეტმა ხელი შეუწყო სიზმრული კულტურის გამოცოცხლებას.
ჩვენს ბლოგზე ნელნელა წარმოგიდგენთ ხოლმე საინტერესო რესურსებს სიზმრების თემაზე, სხვადასხვა დროს შექმნილ ონლაინ დრიმარქივებს და ესეებს.

ერთერთი მათგანი ჩვენი ფავორიტია:
სიზმრის კვლევის ინტერნაციონალური ინსტიტუტი



საიტზე შეგიძლიათ იპოვოთ საინტერესო ესეები, ლინკები და ონლაინ ფორმა სიზმრის გასაგზავნად.
ინსტიტუტი ელოდება სიზმრებს მთელი მსოფლიოდან, შესავსები ენა - ინგლისური.
ინსტიტუტი ორიენტირებულია გლობალურ სიზმრებზე და მათ ინტერპრეტირებაზე ფსიქო-სოციო-კულტურული ასპექტებით.

--
მეორე რესურსი რომელიც გვინდა გაგაცნოთ შეეხება
სიზმრის გაზიარების ისტორიას კიბერსივრცეში,
ძალიან საინტერესო და აუცილებლად საკითხავი მასალა.

სიზმრების გაზიარების ისტორია კიბერსივრცეში

----

რა განსხვავებებია სხვა დრიმ არქივებსა და ჩვენს პროექტს შორის?

პირველ რიგში -- ჩვენი პროექტი არ არის მეცნიერული კვლევა და ჩვენ არ ვუდგებით სიზმრებს რომელიმე ერთი კონკრეტული თეორიის მიხედვით.

მეორე - ჩვენი დრიმარქივირება, რასაც ჩვენ ვეძახით სიზმრების რეგისტრაციას არის ორიენტირებული ერთი ქალაქის სივრცეზე დროის გარკვეულ მონაკვეთში, ამდენად ის უფრო მობილური, კონცეტრირებული და მარტივად შედგენადია.

მესამე - არტ-პროექტის ფარგლებში ქალაქებს ჩვენ განვიხილავთ როგორც ცალკეულ პიქსელებს[არსებებს] მსოფლიო ურბანულ მოზაიკაში,
თითოეული მოქალაქის სიზმარი იმდენად ეკუთვნის ამ ქალაქს რამდენადაც ქალაქის სოციო-კულტურული ისტორია, მდგომარეობა, პერსპექტივები და არქიტექტურა მოქმედებს მოქალაქეების ცხოვრებაზე. ამ კუთხიდან ჩვენ ჩვენს პროექტში ვაქსოვთ სიტუაციონისტების ფსიქოგეოგრაფიულ დეკონსტრუქციასაც.

მეოთხე - მიღებული მონაცემების საფუძველზე ჩვენ ვქმნით:

ა] ქალაქის ონლაინ-ღია არქივს[ტექსტუალურს და ვიზუალურს]
ბ] ქალაქის სიზმრების რუკას როგორც არტ-ობიექტს.
გ] ქალაქის სიზმრები "საჩუქრად გადაეცემა" სხვა ქალაქს როგორც არტ-აქცია
დ] ლოკალური არტისტების, მეცნიერების თუ უბრალო მოქალაქეების ჩართვით პროექტის აქტიურობაში ვცდილობთ მივაღწიოთ კოლექტიური პაციფისტური ურთიერთანამშრომლობის რეალურ შედეგს. ამ შედეგისთვის ჩვენ ვიყენებთ ყველაზე უკონტროლო, უტოპიურ ქსოვილს - ჩვნესავე სიზმრებს.

Saturday, June 12, 2010

სიზმრის ჩანახატი #1



სარეგისტრაციო საიტზე : http://urbandreamz.freeiz.com/
მოყოლილი სიზმრის გარდა დამატებულია ფოტოს, ნახატის ატვირთვის ფუნქცია,
მათთვის ვინც უფრო ვიზუალურ ინფორმაციაზეა ორიენტირებული და იხატავს თავის სიზმრებს, ან პეიზაჟებს ან ნანახ სიმბოლოებს სიზმარში.
ამ თემაზე უფრო გასარკვევი ჩანაწერი დევს აქ: ატვირთე სიზმრის ჩანახატი


სიზმრის ჩანახატი უნდა იყოს ორიგინალური [და არა გუგლში მოძებნილი ფოტო],
ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ სამი რამ:
1. სიზმარში უნდა ნახოთ და დაიმახსოვროთ ის რის დახატვასაც დააპირებთ
2. უნდა დახატოთ
3. უნდა გქონდეთ სკანერი რომ ნახატი გადაიყვანოთ კომპიუტერში [თუ რათქმაუნდა პირდაპირ კომპში არ ხატავთ]
:]

რაც შეეხება არაორიგინალურ ფოტოებს, ასეთი ფოტოები მიიღება იმ შემთხვევაში თუ თქვენ თვლით რომ ესა თუ ის ფოტო ყველაზე კარგად ასახავს იმას რისი გადმოცემაც გინდათ.[ასეც ხდება ხოლმე].

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი არქივის პირველი ვიზუალები, რომლებიც გამოაგზავნეს მოქალაქეებმა.

პირველი ფოტო ეკუთვნის ჩვენი ჯგუფის წევრს და აქ აღბეჭდილია მისი პერსონალური სიზმრის რუკის ნაწყვეტები პირადი Dream-ჟურნალიდან.
მეორე ფოტო ეკუთვნის ჩვენთვის უცნობ მაგრამ ძალიან საყვარელ მოქალაქე დრიმერს, რომელმაც დახატა თავისი სიზმარი.



1. dream map blocks



2. სიზმარი:

"06/11/2010.
Tbilisi.
tyidan chamovidnen gvelebi da bebiam rdze daalevina"

სიზმრების რეგისტრაცია ტელევიზორში



რუსთავი ორის სიუჟეტი ჩვენს შესახებ





თბილისის სიზმრების დაიჯესტი #2. 1-7 ივნისი, 2010

ვაგრძელებთ თბილისის უახლესი სიზმრების ყოველკვირეულ გაზიარებას.
--

2-იდან 5 ივნისის ჩათვლით - ვაზისუბანში საიდუმლო აგენტები იკვლევდნენ პარანორმალურ მოვლენებს, დაფიქსირდა მინის კუბო რკინის კანტებით, რომელშიც ეძინა ადამიანს.

საბურთალოზე - მეორადი ნათურების ბაზრობაზე იხილეს ტაფისთავიანი ზარატუსტრა.

გლდანში ნახეს შიშველი ბავშვები ვიოლინოებით, რომლებიც "ველურებივით დარბოდნენ სახურავზე და მტრედებს, შუბებივით ესროდნენ ხემებს"

დიდ დიღომში მორიგ აპოკალიპტურ აურზაურში გადაარჩინეს გოგო, რომელიც "კრუხივით" იყო შემომჯდარი "ფიტილიან" ბომბზე და ფეხებსშორის ბოლი ასდიოდა,
დრიმერს ესაუბრებოდა მეგობრის პროფაილის ფოტო ფეისბუქიდან,

ვაკეში უსმინეს დაჭრილი კატის მონოლოგს.

6-7 ივნისი --
დიღომში ნახეს ტალახიან მინდორზე დაბანაკებული ვირთხისმჭამელი ხალხი,
ვაკეში საყვარლად ერთობოდნენ ორეკრანიანი დესკტოპით ზღვის პირას სელაპების გარემოცვაში,

საბურთალოზე დაფიქსირდნენ ადამიანები, რომელთაც სახის ნაცვლად "ნახევრადგამჭვირვალე მარმარილოსებრი ტექსტურა" ქონდათ,
უყურებდნენ პოსტაპოკალიპტურ თბილისში როგორ გროვდებოდა მშიერი ხალხი კუს ტბაზე, სადაც "საშინლად უკრავდა" ლადო ბურდული,
ნახეს როგორ ჩაქრა მზე.

თბილისის სიზმრების დაიჯესტი #1. 23-30 მაისი

23-იდან 26ის ჩათვლით -
პლეხანოვზე დაძაბულად უყურებდნენ საფეხბურთო მატჩს,
ნახეს მაღალი კაცი ორმეტრიანი წვერებით, რომელსაც ხელში რუბიკის კუბიკი ეჭირა,
იპოვეს მკვდარი მეეზოვე.
დიღომში მთელი ღამე ეძებდნენ რადიატორის მჭრელ მუშას,
ნახეს გაცოცხლებული სათამაშოები,
ვაკეში გაურბოდნენ ბოთლისცხვირიან მგლებს.

27ში:
ვერაზე მთელი ღამე ეძებდნენ სოსისს, ნახეს სკოლა-ჯიხური და პირამოკერილი ორსული ქალი, საბურთალოზე იყო აპოკალიფსი და წყვილი ჩახუტებული იდგა,
დიღომში ერთერთმა დრიმერმა აიღო საპრეზიდენტოი გრანტი თვით მიშასგან,
ხოლო ვაზისუბანში თამაშობდნენ ფეხბურთს აცტეკებთან უზარმაზარ სტადიონზე რომელის ერთ მხარეს იყო ღამე, მეორე მხარეს კი შუადღის მზე ანათებდა.

28-29ში - საბურთალოზე ნახეს დიდი დელფინი პატარა ტბაში, ხოლო დიღომში დაფიქსირდა აუზი მომწვანო წყლით სადაც მოკვდა გოგო.

და ბოლოს ერთერთმა დრიმერი სიზმარში ცდილობდა ჩვენს საიტზე სიზმრის დარეგისტრირებას <3

WWDW - World Wide Dream Web


რატომ სიზმრები?

ნებისმიერი ადამიანი ხედავს სიზმრებს. უფრო მეტიც ცხოვრების თითქმის მესამედს ყოველი ჩვენგანი სიზმრების სამყაროში ატარებს. წარმოიდგინე ყოველ ღამით რამდენი მილიონი სიზმარი სუნთქავს და დილისკენ უკვალოდ იკარგება.

არსებობს სიზმრების ამხსნელი უამრავი თეორია, თუმცა ყველა მათგანი მხოლოდ თეორიაა.

ჩვენი აზრით, სიზმრების გაზიარება უსამართლოდ დავიწყებული ხელოვნებაა. სიზმრები საჩუქარია, უფასო ფანტასტიური ბიოინტერნეტი უსაზღვრო შესაძლებლობებით, ხოლო მათი უკვალოდ გადაყრა – კულტურული შეცდომა.

რა არის WWDW?

WWDW (World Wide Dream Web) არის ინტერნაციონალური არტ-პროექტი, რომლის საბოლოო მიზანია ლოკალურ სიზმართა რეგისტრაციების გზით - შექმნას მსოფლიოს მიმდინარე სიზმრების ცოცხალი არქივი.

ქალაქები

ქალაქებს ჩვენ განვიხილავთ როგორც ცოცხალ "არსებებს", სპეციფიკურ პიქსელებს მსოფლიო რუქაზე, რომელთა უჯრედებს შეადგენენ გზები და უბნები, ადამიანები და სიზმრები. ჩვენ გვაინტერესებს რა ესიზმრება შენს ქალაქს დღეს ღამით, ჩვენ გვინდა მოვუყვეთ ეს სიზმარი ყველას.


როგორ მუშაობს პროექტი:


1. სიზმრების რეგისტრაცია

WWDW-ს სიზმრის მკვლევართა ჯგუფი გთავაზობთ ონლაინ ფორმას სიზმრების რეგისტრაციისთვის. 23 მაისიდან – 23 ივნისის ჩათვლით ნებისმიერ პიროვნებას მისი ასაკის, სქესის და უბნის მითითების შემდეგ შეუძლია ყოველ დღე გამოაგზავნოს იმ დღეს ნანახი მაქსიმუმ სამი სიზმარი. ჩვენი პროექტის პირველი მიზანია თქვენი სიზმრების შენახვა დრიმ-არქივში. ამჯერად პროექტი დიდწილად ინტერაქტიულია და დამოკიდებულია მოქალაქე მესიზმრეების მინიმალურ აქტივობაზე. ჩვენთვის ყოველი სიზმარი მნიშვნელოვანია, ამასთან საკუთარი სიზმრის რეგისტრაციით ყოველი პიროვნება ა] ინახავს თავის სიზმარს ჩვენს არქივში, ბ] გვეხმარება ქალაქის სიზმრების მოგროვებაში. ერთადერთი თხოვნა რაც გააჩნია პროექტს, არის მარტივი: იყავით გულწრფელები და ბუნებრივები!

2. სიზმრების ანალიზი, რუკა და გამოფენა

მოცემული ვადის შემდეგ საიტი დროებით იხურება, პროექტი აანალიზებს დარეგისტრირებული სიზმრების არქივს და ამ არქივის საფუძველზე კეთდება ქალაქის მიმდინარე სიზმრების რუკა, რომელიც გამოიფინება ქალაქის მიმდინარე სიზმრების გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ რამდენიმე კვირაში.

3. სიზმრების პოტლაჩი

პროექტის შემდეგი ეტაპია მოცემული ქალაქის სიზმრების "წაღება" საჩუქრის სახით შემდეგ ქალაქში, სადაც განმეორდება ანალოგიური აქცია.
ამასთანავე პროექტი ითვალისწინებს დაუგეგმავ ქუჩის აქციებს, სემინარებს და შეხვედრებს.

ამიტომ, მოგვაკითხეთ ხშირად, გეგმები და ინფორმაცია შეიცვლება თქვენივე აქტივობების მიხედვით. იყავით მსუბუქები როგორც წყალი, მოულოდნელები როგორც სიზმარი.


http://urbandreamz.freeiz.com/